logo
ENG



უგულავა კობალაძისა და ხუსკივაძის გათავისუფლებაზე: ბრძოლა გრძელდება, ბოიკოტი მუშაობს

10 დეკ 202023:09
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა კობალაძისა და ხუსკივაძის გათავისუფლებაზე: ბრძოლა გრძელდება, ბოიკოტი მუშაობს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულების - აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლებას ეხმაურება.

უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული უკომპრომისო ბრძოლის პირველი შედეგია.

"უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგი - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თავისუფალია. ბრძოლა გრძელდება. ბოიკოტი მუშაობს", - წერს გიგი უგულავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულები - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აღნიშნულზე საუბარია კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების გათავისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული და როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატებზე უარს ამბობს. მხოლოდ პარტია მოქალაქეები არ ტოვებს კუთვნილ ორ მანდატს, თუმცა ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.


close დახურვა